
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ვაშინგტონში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ სომხეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი სამი მემორანდუმი მომდევნო წლებში ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ში სომხეთის ელჩმა ლილით მაკუნცმა განაცხადა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ხელმოწერილ სამ მემორანდუმს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგახსენებთ, რომ ისინი ეხება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სფეროში ინოვაციების განვითარებას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ეს სამი მემორანდუმი მომდევნო წლებში ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაგეგმვა სტრატეგიული პერსპექტივიდან იყოს განხილული“, – განაცხადა მაკუნცმა.
ელჩმა გაიხსენა, რომ მიმდინარე წლის იანვარში სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს, რომელშიც თანამშრომლობის საკმაოდ ფართო მასშტაბები იყო განსაზღვრული. „და იმ დროს ჩვენ უკვე ვგეგმავდით ახლად ჩამოყალიბებულ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განხილვას და გაგებას, თუ რა იქნებოდა ამ ეტაპისთვის სასურველი სფეროები, რომლებზეც უნდა გვემუშავა და, შესაბამისად, ეს მიმართულებები საკმაოდ მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული“, – დააზუსტა ელჩმა.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობების ასეთი მაღალი დონე უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, არამედ ის ხელს შეუწყობს სომხეთის როლისა და წონის გაზრდას როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.







