
ტელეარხ „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოს თეთრ სახლში მომხდარი მოვლენა ფაქტობრივად სომხეთთან დაპირისპირების და ჩიხის დასასრულის აღმნიშვნელი იყო. მისი თქმით, ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაცია სომხეთისთვის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების გარანტიაა.
„ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. და ჩვენ მომავალ კონტაქტებს საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე დავგეგმავთ. და კიდევ ერთხელ, ეს არ არის შეთანხმება ჩემსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის, არამედ ორ სახელმწიფოს შორის. ამიტომ, თუ სომხეთი პატივს არ სცემს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – თქვა ალიევმა.
ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში კვლავ არსებობს პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და სამშვიდობო ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ მოაწერენ ხელს, როდესაც ეს დაბრკოლება აღმოიფხვრება.
„ტრამპის მარშრუტზე“ საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ ის კონტინენტებს შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი გახდება და ირანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან გამოთქვა რწმენა, რომ ახლა, როდესაც ამ მარშრუტმა ტრამპის სახელი მიიღო, ის უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე შეეხო მოსკოვთან ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა, რომ ავიაკომპანია „აზალის“ სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება არ უნდა მომხდარიყო, ეს რუსული მხარის შეცდომის შედეგი იყო. „რუსი ოფიციალური პირების რეაქციამ ინციდენტზე აზერბაიჯანში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია“, – ხაზი გაუსვა ალიევმა და ასევე უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე.
„ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ურთიერთობების გაუარესებაზე. ჩვენ კონსტრუქციულად ვრეაგირებთ და არასდროს მოვითმენთ ჩვენს მიმართ რაიმე უპატივცემულობას“, – აღნიშნა ალიევმა.
რაც შეეხება უკრაინას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს უკრაინას და ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.







