ევროკავშირი სომხეთში მონიტორინგის მისიას გააგრძელებს – მარაგოსი

ევროკავშირი სომხეთში მონიტორინგის მისიას თავისი მანდატის საფუძველზე გააგრძელებს და ამ დროისთვის რაიმე ცვლილების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა, როდესაც უპასუხა კითხვას, წარმოიშვა თუ არა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ საზღვარზე მესამე ძალების გაყვანის საკითხი.
„როგორც ვიცი, სომხეთის ხალხი და ხელისუფლება მიესალმება ევროკავშირის მისიას სომხეთში. ის აგრძელებს თავის საქმიანობას და თუ რაიმე ცვლილების საჭიროება იქნება, ჩვენ ამას განვიხილავთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და, რა თქმა უნდა, სომხეთის ხელისუფლებასთან. მაგრამ ამ ეტაპზე, მინდა დავარწმუნო სომეხი საზოგადოება, რომ ევროკავშირის მისია გააგრძელებს თავის საქმიანობას თავისი მანდატის საფუძველზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე განხილვა ვაშინგტონში შეთანხმების პარაფირების შემდეგ, მარაგოსმა უპასუხა: – „უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირის მისია სომხეთში აქ სომხეთის ხელისუფლების თხოვნით იმყოფება და ის აქ დარჩება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს მშვიდობისა და მოგვარების ინსტრუმენტია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას“.
სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებიდან ხუთი თვის შემდეგ, 8 აგვისტოს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში შეთანხმება პარაფირება მოახდინეს. შეთანხმების თანახმად, ერევანი და ბაქო იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი მესამე მხარის ძალების განლაგებისგან საერთო საზღვრის გასწვრივ.
უიარაღო ევროკავშირის დამკვირვებლები სომხეთში 2023 წლის 20 თებერვალს ჩავიდნენ. მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ევროპელი დამკვირვებლები სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში კიდევ ორი წლის განმავლობაში, 2027 წლის 19 თებერვლამდე დარჩებიან.
ბაქომ არაერთხელ დაადანაშაულა ევროკავშირის მისია სომხეთში „ჯაშუშური საქმიანობის“ და „ტელესკოპური დიპლომატიის“ განხორციელებაში. ევროკავშირის მისიამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები.







