ფესტივალზე „ჩემი ხელნაკეთი – სომხეთი“ წარმოდგენილი იყო სომეხი და ქართველი ოსტატების ნამუშევრები

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და „ხელოსანთა კავშირის“ კულტურული ფონდის ინიციატივით, „გაფესჭიანის“ ქანდაკებების ბაღში (კომპლექსი „კასკადი“) გაიმართა ფესტივალი სახელწოდებით „ჩემი ხელნაკეთი – სომხეთი“, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებამ სომხური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა გამოვლინება ახლებურად წარმოადგინა: ხალიჩების ქსოვა, ნაქარგები, კერამიკა, ქვის ნაკეთობები, მხატვრული ხის დამუშავება, გობელენი, თოჯინების დამზადება, საიუველირო ხელოვნება, კოსტიუმები და ა.შ.
წელს ფესტივალმა სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 70-ზე მეტი ოსტატი შეკრიბა, რომლებმაც ტრადიციული და თანამედროვე მიდგომებით შექმნილი უნიკალური ნამუშევრები წარმოადგინეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ოსტატების მონაწილეობას, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ხელოსანთა კავშირს. მათ ნამუშევრებში შედიოდა დახვეწილი კერამიკის ნიმუშები, სამკაულები და სუვენირები, რომლებიც ხაზს უსვამდა ქართული ტრადიციების ორიგინალურობას. გამოფენის გარდა, ქართველმა მონაწილეებმა მასტერკლასებიც ჩაატარეს, რამაც ვიზიტორებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ფესტივალის ერთ-ერთი ფერადი მომენტი იყო სომხური და ქართული ეროვნული კოსტიუმების კომბინაციის გამოფენა, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ორი ხალხის ტრადიციული კოსტიუმების მდიდარი ფერადოვნება და სტილისტური მრავალფეროვნება.







