საერთაშორისო

საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება – ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვაზე 114 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვასა და კომპენსაციებზე ჯამურად 113 990 981 ლარი დაიხარჯება. ცნობას bpn.ge აქვეყნებს.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, ამ თანხიდან 61 410 383 ლარი გამოყოფილია უშუალოდ მიწების კომპენსირებისთვის, 44 630 671 ლარი კი შენობა-ნაგებობების გამოსყიდვის მიზნით.

პროექტის მიხედვით, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი აგვისტოში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 986 483 დოლარს შეადგენდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარედგინათ, თუმცა გზების დეპარტამენტის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, წინადადებების წარდგენის ვადა 6 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

როგორც ცნობილია, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.3 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დასრულდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 2-ზოლიანი გვირაბი და ხიდები. პროექტის მიხედვით, 10.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო სარფის ზონაში, წმინდა ანდრიას ძეგლთან, ბოლო 800 მეტრზე დაემთხვევა არსებულ გზას. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს. გვირაბი ორზოლიანი იქნება, სავალი ნაწილი 7.5 მ, სიმაღლე კი 5 მეტრის იქნება.

„დაგეგმილია ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში, ორზოლიანი ხიდის მშენებლობა მდინარე ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა სამხრეთი პორტალის შემდეგ არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. ინფრასტრუქტურა მოემსახურება ორივე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს. გზის დასაწყისში დაგეგმილია ბათუმის აეროპორტისკენ და გონიოსკენ საპროექტო გზის დასაკავშირებლად კვანძის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ბათუმის შემოვლითი გზიდან აეროპორტის მიმდებარე ზონაში არსებულ საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარებას.

დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო გზა იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და 1 471 მ. სიგრძის ხიდით სოფელ თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში კვეთს მდინარე ჭოროხს. ხიდის შემდეგ, სოფელ ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გრძელდება დაახლოებით 7.6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გადის სოფელ ჭარნალისა და სოფელ ახალსოფლის ტერიტორიებზე სარფის ზონამდე. ბოლო მონაკვეთზე, გვირაბის პორტალთან დაგეგმილია კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60 მ. სიგრძის ხიდის მოწყობა. საპროექტო გზის მონაკვეთი დასრულდება სოფელ სარფის შესასვლელთან, სადაც დაუკავშირდება არსებულ ორზოლიან გზას“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტის აღწერაში.

ნახეთ მეტი
Back to top button