OCCRP: ნახიჩევანის ყოფილი გუბერნატორის ვაჟი საქართველოში მდიდრულ სასტუმროს ყიდულობს

ნახიჩევანის ავტონომიური აზერბაიჯანული ანკლავის ყოფილი ხელმძღვანელის, რზა თალიბოვის ვაჟი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროს მფლობელი გახდა მისი გაყიდვიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, იუწყება OCCRP.
რზა თალიბოვმა, რომლის მამაც, ვასიფ თალიბოვი, ნახიჩევანს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 8,6 მილიონ დოლარად ბათუმში სასტუმრო შეიძინა. ის ამტკიცებს, რომ გარიგება, სხვა ბოლოდროინდელ უძრავი ქონების შესყიდვებთან ერთად, ქართული და აზერბაიჯანული ბანკებიდან მიღებული სესხებით დაფინანსდა. სასტუმროს სახელი შეეცვალა და ლონდონი 1889 დაერქვა.
თალიბოვების ოჯახმა ნახიჩევანში ცხოვრების წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სიმდიდრე დააგროვა, მათ შორის ნახიჩევანბანკის კონტროლი. OCCRP-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ ძმებმა, რზამ და სეიმურმა, ათობით მილიონი დოლარი მიიღეს ფიქტიური კომპანიების მეშვეობით, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებული იყო ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემებთან და ასევე ინვესტიციები ჩადეს უძრავ ქონებაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოში. ვასიფ თალიბოვის 2022 წლის დეკემბერში უეცარი გადადგომის შემდეგ, ოჯახმა აქტივების, მათ შორის ბანკისა და სასტუმროს გაყიდვა დაიწყო. მიმდინარე წლის მაისში რზა თალიბოვმა სასტუმროს კონტროლი დაიბრუნა და უძრავი ქონების კომპანიის მართვა ხელახლა ჩაიბარა.
OCCRP აღნიშნავს, რომ თალიბოვის მმართველობის დროს, ნახიჩევანმა თავისი დახურული ბუნებისა და მკაცრი სამთავრობო კონტროლის გამო „აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეის“ რეპუტაცია მოიპოვა.







