მთავარიპოლიტიკა

ევროპული სასამართლო ბაქოსგან სომეხი პატიმრების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანისგან ბაქოს ციხეებში 23 სომეხი პატიმრის დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის 4 ნოემბრამდე წარდგენა მოითხოვა.

ევროპის სასამართლოში სომეხი პატიმრების ინტერესების წარმომადგენელმა, სირანუშ სააკიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ივლისში აზერბაიჯანულმა მხარემ სასამართლოს ანგარიშის წარდგენის ვალდებულების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, სომხეთის მთავრობისა და ევროპულ სასამართლოში პატიმრების წარმომადგენლების წინააღმდეგობის შემდეგ, სასამართლომ საბოლოოდ უარყო აზერბაიჯანის შუამდგომლობა და ბაქოს სომეხი პატიმრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაავალდებულა.

ბაქოს ციხეებში სომეხი პატიმრები დაახლოებით 3 თვეა სრულ იზოლაციაში იმყოფებიან; არცერთ დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მოუნახულებია ისინი. არ არსებობს ინფორმაცია მათი დაკავების, ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ბოლოს სომეხი პატიმრები ივნისში მოინახულეს. ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ ბაქოში საქმიანობა საბოლოოდ სექტემბერში შეწყვიტა აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით.

ნახეთ მეტი
Back to top button