
6 ოქტომბერს, „არდშინბანკსა“ და „კონტურგლობალს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა, სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა და აშშ-ის ელჩმა სომხეთში კრისტინა ქუინმა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და აღნიშნა, რომ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს „კონტურ გლობალ ჰიდრო კასკადის“ გენერალურმა დირექტორმა ალვინა აბაჯიანმა და სს „არდშინბანკის“საბჭოს თავმჯდომარემ არტაკ ანანიანმა.
წყაროს ცნობით, ხელმოწერა „კონტურგლობალის“ მიერ სომხეთში სამი ჰიდროელექტროსადგურის 135 მილიონი დოლარის რეფინანსირების წარმატებით დასრულებას აღნიშნავს.
მიესალმა რა ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ ეს ტრანზაქცია მოწმობს ამერიკული ინვესტიციების გრძელვადიან და სტაბილურ ყოფნას სომხეთში, ასევე იმ ფაქტს, რომ ვოროტანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია.
„ეს ტრანზაქცია ასევე აჩვენებს ჩვენი ადგილობრივი ფინანსური სისტემის სიმწიფეს. ის ფაქტი, რომ სომხეთის უმსხვილეს ბანკს, „არდშინბანკ“-ს, შეუძლია 135 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების უზრუნველყოფა ასეთი სტრატეგიული პროექტისთვის, მეტყველებს ჩვენი საბანკო სექტორის გაძლიერებაზე, მის შესაძლებლობაზე, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები და მოემსახუროს მსხვილ ინვესტორებს. ეს არის გზავნილი იმისა, რომ სომხეთი არა მხოლოდ ღიაა ინვესტიციებისთვის, არამედ ჰყავს ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებსაც შეუძლიათ მათი განხორციელების მხარდაჭერა“, – ხაზგასმით აღნიშნა გევორგ პაპოიანმა.
წყაროს ცნობით, ტრანზაქციიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის, ვოროტანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (404 მეგავატი) ოპერატიული ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რომელიც ქვეყნის ადგილობრივი წარმოების სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.







