მთავარიპოლიტიკა

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ „გლობალურ კარიბჭეზე“  –  ფაშინიანის გამოსვლა ბრიუსელში

ძალიან სიმბოლურია, რომ „გლობალური კარიბჭის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სომხეთმა წარადგინა ახლადშექმნილი ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ბრიუსელში, იმავე მიზნით გამართულ მეორე კონფერენციაზე.

თავის გამოსვლაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის მზარდ როლს რეგიონულ თანამშრომლობასა და მშვიდობის დამყარების პროცესებში ინიციატივა  „მშვიდობის გზაჯვარედინის“ მეშვეობით.

ფაშინიანმა  აღნიშნა, რომ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სომხეთი კარგად აცნობიერებს ყოვლისმომცველი და თანასწორი თანამშრომლობის სასიცოცხლო მნიშვნელობას.  ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული წვდომა მრავალი წლის განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ იდეა თეორიიდან რეალობად იქცევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციების წყალობით.

როგორც  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოთა ორმხრივობის პრინციპების საფუძველზე რეგიონულ ინფრასტრუქტურას გახსნის.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ TRIPP-ის მიზანია სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ კავშირების გაფართოება,  ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფართო ხედვის შესაბამისად.

„თანამედროვე ისტორიაში პირველად, ჩვენი რეგიონი მზადაა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ლოგისტიკურად, გამოავლინოს თავისი გამოუყენებელი პოტენციალი და შეუერთდეს ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის შეუფერხებელ კავშირებს. „ტრამპის გზა –  საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) , არის პერსპექტიული საინვესტიციო პროექტი, რომელიც მოიცავს შესაძლებლობების ფართო სპექტრს,სარკინიგზო  კავშირიდან ენერგეტიკულ თანამშრომლობამდე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულ დროს ხდება და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, იმოქმედოს როგორც ხიდი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ ციფრული ინოვაციების, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობის სფეროებშიც.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთი  და ევროკავშირი  არასდდროს არ ყოფილან ასე ახლოს.

ნახეთ მეტი
Back to top button