კულტურამთავარი

თარგმანის ხელოვნება: ხიდი ქვეყნებს შორის: სომხეთის მწერალთა კავშირი მთარგმნელთა დღეს „კანთეღის“ ჯილდოებით აღნიშნავს

მთარგმნელთა დღის აღსანიშნავად, სომხეთის მწერალთა კავშირმა ტრადიციულად ჩაატარა ყოველწლიური „კანთეღის“ დაჯილდოების ცერემონია, სადაც დაფასდა მთარგმნელების ფასდაუდებელი როლი სხვადასხვა კულტურის დაახლოებასა და ლიტერატურული კავშირების განვითარებაში.

დაჯილდოების ცერემონიამდე, რომელიც 11 ოქტომბერს ოშაკანში გაიმართა, კავშირის წევრებმა ყვავილებით შეამკეს მესროპ მაშტოცის საფლავი, შემდეგ კი  უფლის ლოცვით დაიწყო „კანთეღ“-ი.

Armenpress-ის ცნობით, მწერალთა კავშირის პრეზიდენტმა ედუარდ მილიტონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობენ და იქნებიან მთარგმნელები, რომლებიც შესანიშნავ ლიტერატურას ქმნიან. „მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, ჩვენმა მწერლებმა გაამდიდრეს თავიანთი სული და აზროვნება თარგმნილი ლიტერატურით. დღესაც კი, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის თარგმნით, ჩვენ ვამდიდრებთ ჩვენს ენობრივ აზროვნებას, ვაძლიერებთ ჩვენს სულს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს, როდესაც კულტურა და ლიტერატურა უკანა პლანზეა გადაწეული. მთელ მსოფლიოში ხალხი ცოტა პოეზიას კითხულობს და ზოგჯერ გაუგებარია, რა ლიტერატურას კითხულობენ“, – თქვა მან და დასძინა, რომ სომეხმა ხალხმა, დიდ ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნა ძლიერი ლიტერატურა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება, რომელთა შენარჩუნებაც აუცილებელია.

ნინო სპანდერაშვილს, სომხეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, სომხეთის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების „ივერიის“ ვიცე-პრეზიდენტს და „ივერიასთან“ არსებულ საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, სომხურიდან ქართულად არაერთი თარგმანი აქვს, თუმცა მას „კანთეღ“-ი (კანდელი) ორენოვანი წიგნისთვის „ნაპირიდან ნაპირამდე“ მიენიჭა. კრებულში შესულია ოვ. თუმანიანის, ვ.ტერიანის, პ. სევაკის, ეღ. ჩარენცის, ჰ.შირაზის, ჰ.საჰიანის, ს.კაპუტიკიანის, თანამედროვეების: გაგიკ დავთიანის, არევშატ ავაგიანის, ლევონ ბლბულიანის, ხაჩიკ მანუკიანის, სამველ მარგარიანის და სხვა ავტორების ნაწარმოებები, ასევე ნ.სპანდერაშვილის ლექსები, რომლებიც ქართულიდან სომხურ ენაზეა თარგმნილი თანამედროვე სომეხი პოეტების მიერ.

„მე ქართველი ვარ, დავქორწინდი და ორმოცი წელია სომხეთში ვცხოვრობ. წიგნის სათაური „ნაპირიდან ნაპირამდე“ სიმბოლურად გამოხატავს სომხეთსა და საქართველოს. ჩემი ცხოვრება, მდინარის მსგავსად, ორ ნაპირს- საქართველოსა და სომხეთს შორის მიედინება და ჩემი შემოქმედებაც ამ ორი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულითაა განმსჭვალული. ამ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდა მჭიდრო კულტურული ურთიერთობები, თანამედროვე ეტაპზეც არსებობს და მეც, როგორც ქართულ-სომხური მეგობრობის ამაგდარი და უღრუბლო ურთიერთობების მოამაგე, ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო. მახარებს რომ სომეხ და ქართველ ლიტერატურულ მოღვაწეებს შორის ხიდის როლს ვასრულებ“, – აღნიშნა სპანდერაშვილმა. მან გაიხსენა, რომ სომხური კულტურის ფონდის თავმჯდომარე, მწერალ და მთარგმნელ არევშატ ავაგიანთან ერთად სომხურ ენაზე თარგმნეს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები, რომლებიც შეტანილია წიგნში „მზიური შთაგონებები“. ყოველწლიურად, ნ.სპანდერაშვილი სომეხი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებებს აგზავნის საქართველოში გამართულ ყოველწლიურ კონკურს ილია მართალის გაზეთ „ივერიის“ სახელობის „პრემია ივერიაში“ მონაწილეობისთვის. სომეხი ავტორების შემოქმედება უმეტესწილად წარმატებით სარგებლობს. „ჩვენ არ ვირჩევთ სამშობლოს, მშობლებსა და მეზობლებს. ქართველებსა და სომხებს ერთმანეთი არ აგვირჩევია, ისტორიულად გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ჩვენი გადარჩენის გზა ორი ერის მეგობრობასა და სიყვარულზე გადის. თუ გვინდა მშვიდობიანი, სტაბილური კავკასია გვქონდეს, მეგობრული ურთიერთობები უნდა განვავითაროთ“, – დაასკვნა ნინო სპანდერაშვილმა.

რუზან მირზოიანმა ფრანგულიდან სომხურ ენაზე თარგმნა მიშელ უელბეკის „მორჩილება“, ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“, ჟან-კრისტოფ რაფენის „კარმის ლენტი“ და სხვა ავტორების ნაწარმოებები.

„კანთეღის“ მიღებისას მან აღიარა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ასეთი ჯილდოს მიღებით.

გაგიკ ბაღდასარიანსაც მიენიჭა „კანტეღის“ ჯილდო, რომელმაც იტალიურიდან სომხურ ენაზე თარგმნა ნიკოლო მაკიაველის „ოსტატი“, ალბერტო მურავიას „ისტორიები პრეისტორიიდან“, ჯანი როდარის „იტალიური სიმღერა“ და სხვა წიგნები.

„კანთეღის“ ჯილდო ასევე გადაეცა ნატალია გონჩარს, რომელიც დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო. გონჩარმა ინგლისურიდან სომხურ ენაზე თარგმნა უილიამ საროიანის „რაზე საუბრობს მწერალი“, „მწერლის დეკლარაცია“ და 25 მოთხრობა, წიგნები „სომეხი და სომეხი“, „მოგზაურობები და მოთხრობები“, ხოლო პერჭ ზეითუნციანის მიერ სომხურიდან რუსულად თარგმნილი „დანგრეული ქალაქის ლეგენდა“ და სხვა ნაწარმოებები.

მთარგმნელთა დღე სახელმწიფო დღესასწაულია სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ეძღვნება სომხური ანბანის გამოგონებას, მთარგმნელთა მოძრაობას და გამოჩენილ კულტურის მოღვაწეებს. სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ბიბლიის პირველი მთარგმნელები ადრეულ შუა საუკუნეებში სომხურ ენაზე და დააწესა განსაკუთრებული დღესასწაული, წმინდა მთარგმნელთა დღე. მთარგმნელთა დღე აღინიშნება ოქტომბრის მეორე შაბათს. დღესასწაული ოფიციალურად იხსნება ოშაკანში, სომხური ანბანისადმი მიძღვნილი ძეგლის მახლობლად. დღესასწაულები იმართება ერევანში, გარნიში და სხვა ადგილებში.

მწერალმა და მთარგმნელმა არევშატ ავაგიანმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთარგმნელთა დღის აღნიშვნაში სომხეთში.

სომხეთის მწერალთა კავშირი, წმინდა ეჯმიაწინის დედა საკათედრო ტაძართან ერთად, წლებია აწყობს დაჯილდოების ცერემონიას, რომლის მიზანია საუკუნოვანი თარგმანის ტრადიციების გაგრძელება.

ნახეთ მეტი
Back to top button