საერთაშორისო

ჰამასის წევრები ღაზაში საჯარო სიკვდილით დასჯას ახორციელებენ

პალესტინის ჰამასის მოძრაობის წევრებმა ღაზაში საჯარო სიკვდილით დასჯა განახორციელეს, რათა მოძრაობამ ტერიტორიაზე კონტროლი გააძლიეროს.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდი „ალ-აინი“ იტყობინება. ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის წევრებმა შვიდი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, რომლებსაც ისრაელის ძალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. ისინი ღაზაში ხალხში გაათრიეს, მუხლებზე დადგომა აიძულეს და შემდეგ უკნიდან ესროლეს. ჰამასი ღაზაში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მზარდ გამოწვევებს აწყდება.

„როიტერის“ ცნობით, ბოლო დღეებში ჰამასის წევრებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

„ჰამასის“ წყაროებმა „როიტერსს“ განუცხადეს, რომ ჯგუფი არ მოითმენს ღაზაში კანონისა და წესრიგის დარღვევას და ისრაელთან კოლაბორაციონისტებს, შეიარაღებულ ყაჩაღებსა და ნარკოდილერებს დაესხმება თავს. დაჯგუფებამ, რომელიც ღაზას 2007 წლიდან მართავს, ასობით მუშა გაგზავნა დაზიანებული სახლების მოსანახულებლად და მთავარი გზებიდან ნანგრევების გასაწმენდად, რომლებიც დაზიანებული წყლის მილების შესაკეთებლად არის საჭირო. ისრაელის ძალები ღაზას სექტორის უმეტეს ნაწილში რჩებიან ნაწილობრივი გასვლის შემდეგაც.

შეპირებული დახმარება ჯერ კიდევ არ მიწოდებია  2.2 მილიონ ადამიანს, რომელთაგან ბევრი შიმშილის წინაშე დგას. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 68 000-ს მიაღწია.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ცხედარია დამარხული. ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 250 ადამიანის ნეშტი იპოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button