
მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის 67-ე გენერალური ასამბლეა ბაქოში იმართება. გახსნის ცერემონიას მსოფლიოს 71 ქვეყნიდან დაახლოებით 300 დელეგატი დაესწრო: მოსამართლეები, ადვოკატები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი იურიდიული ექსპერტები. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასამბლეის წინა დღეს, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფმა მიმართა მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციას, სადაც გამოთქვეს შეშფოთება აზერბაიჯანში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დარღვევისა და მიმდინარე რეპრესიების შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის სასამართლო სისტემა მთავრობის სერიოზული გავლენის ქვეშაა, რაც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წაყენებისა და განსხვავებული აზრის გამოხატვაზე ზეწოლის ზრდის საშუალებას იძლევა. „ეს სიტუაცია პირდაპირ ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას“, – აღნიშნეს ორგანიზაციებმა. გაეროს, ევროპის საბჭოს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშებში სისტემატურად არის დოკუმენტირებული სასამართლო დევნის, წამების, პოლიტიკური ბრალდებების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევები აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანის სასამართლოები არ იცავენ მოქალაქეებს უსამართლო დაპატიმრებებისგან და მექანიკურად ადასტურებენ პროკურატურის გადაწყვეტილებებს. ადამიანის უფლებათა დამცველები ამას იმის ინდიკატორად მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური დაკვეთებით მოქმედებს. წერილის ავტორები მოუწოდებენ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციას, დაგმოს სასამართლო სისტემაში მთავრობის ჩარევა და მისი ზეწოლის ინსტრუმენტად გადაქცევა, გააკრიტიკოს სასამართლოების უუნარობა, შექმნას ეფექტური კონტროლის მექანიზმები მთავრობის წინააღმდეგ, წაახალისოს აზერბაიჯანი ითანამშრომლოს საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებთან და სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე აამოქმედოს ფორმალური გამოძიების მექანიზმი აზერბაიჯანში დარღვევების შესახებ ორგანიზაციის წესდების მე-13 მუხლის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია გააგზავნის მნიშვნელოვან გზავნილს უსამართლოდ დაპატიმრებულთა მიმართ სოლიდარობისა და იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის შესახებ. უნდა დავამატოთ, რომ ადამიანის უფლებათა ადგილობრივი დამცველების უახლესი მონაცემებით, აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების რაოდენობამ 392-ს მიაღწია.







