სომხეთი ფრანკოფონიის საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალს „თეატრონს“ უმასპინძლებს

ფრანკოფონიის საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი „თეატრონი“ 22 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ერევანში, კაპანში, გორისსა და გავარში გაიმართება.
ფესტივალის ძირითადი კომპონენტებია ცეკვა, პერფორმანსი და დრამატურგია. „მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფები მურად მერზუკი, იოან ბურჟუა და კადერ ატუნი სომხეთში ჩამოვლენ.
ფრანგი დრამატურგი ნატალი ფილიონი რეზიდენციებს კაპანის დრამატულ თეატრში გამართავს, ხოლო ბელგიელი დრამატურგი ჟენევიევ დამასი – გავარის დრამატულ თეატრში. კაპანში ასევე ჩავლენ ორი სომეხი დრამატურგი ანუშ ასლიბეკიანი და ანი არაქელიანი.
პროგრამა ასევე მოიცავს სამი ფრანკოფონი დრამატურგის: ნატალი ფილიონის, ჟენევიევ დამასის და ასტრიდ ბაიჰას სომხურ ენაზე თარგმნილი პიესების კრებულის პრეზენტაციას ავტორების თანდასწრებით. ფესტივალში ასევე მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიული თეატრალური დასი „ლა ტემერარია“, რომელიც სპეციალიზირებულია ჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვის ჯამბაზების წარმოდგენების ორგანიზებაში.
ფრანკოფონიის საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალის მიზანია სომხეთსა და ფრანკოფონურ სამყაროს შორის კულტურული დიალოგის გაძლიერება, შემოქმედებითი შეხვედრები და თანამშრომლობები.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ფრანგული თეატრალური ასოციაცია „სატე-ატღ“ და კულტურული არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-იმიჯი“.
ფესტივალის მთავარი სპონსორია ერევნის მუნიციპალიტეტი. ფესტივალი ტარდება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.







