ევროკავშირის ინვესტიციები სომხეთში 2.5 მილიარდ ევროს მიაღწევს

ევროკავშირის მიერ სომხეთში განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც უკვე ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, საბოლოოდ 2.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, სიუნიუქის პროვინციაში ჟურნალისტებთან საუბრისას, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სომხეთში, ვასილის მარაგოსმა განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირმა 2021 წლიდან აიღო.
„ეს არის პროგრამები, რომლებიც უკვე ხორციელდება ან მომზადების ეტაპზეა. მაგალითად, სისიან-ქაჯარანის გზატკეცილი, გვირაბთან ერთად, ამ ინიციატივების ნაწილია. ეს არის ინვესტიციები, რომლებსაც ჩვენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ვახორციელებთ, სესხების სახით, რომლებსაც სომხეთის მთავრობა იღებს, ასევე სხვა პარტნიორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ინიციატივა „მდგრადი სიუნიუქი, ევროპის გუნდი“ ფარგლებში“, – თქვა მარაგოსმა.
ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ 2.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოიცავს „მწვანე ერევნის“ ინიციატივას, ერევნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმების ფარგლებში შეძენილ 87 MAN ავტობუსს, ერევანში 50 საბავშვო ბაღის რემონტს, ასევე სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინვესტიციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით, რათა ქვეყანაში მეტი მწვანე ენერგიის ინიციატივა და ინვესტიცია იყოს.
„სომხეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ელექტროენერგიის წარმოების სფეროში მზის ფოტოელექტრული პანელების მეშვეობით და რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, რომელიც, იმედი მაქვს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში განხორციელდება, ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის. ეს არა მხოლოდ ბიზნესის შესაძლებლობებია, არამედ სომეხი ხალხისთვის, სომხეთის ეკონომიკისთვის, ასევე უფრო და უფრო მეტი ხარისხიანი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობები“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
მარაგოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთის გვერდით დგას, რათა დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო მდგრადი და სუვერენული. ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ასევე აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.







