ნათია თურნავა – ჩვენი საფინანსო სექტორი სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, პრაქტიკულად, სამი წელია, არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია

1tv.ge წერს, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, პრაქტიკულად, სამი წელია, არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნლისტებს განუცხადა ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ ნავთობკომპანია „ლუკოილისთვის“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ჟურნალისტებმა თურნავას კითხვა დაუსვეს, რომ „საქართველოს ბაზარზე მოქმედებს კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“, რომელიც, სავარაუდოდ, მოხვდა სანქციების სიაში. როგორია ამ შემთხვევაში ქართული ბანკების პოზიცია – გააგრძელებენ კომპანიის მომსახურებას, თუ უარს იტყვიან თანამშრომლობაზე?“
„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. უკვე სამი წელია, პრაქტიკულად, ჩვენ არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც, ანუ ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად. შევისწავლით, ვნახავთ. რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა, ეს არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით, რაიმე გართულება არ იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები 23 ოქტომბერს დაუწესა.







