მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ და გამოთქვა მადლიერება ბაქოს ამ ნაბიჯისადმი.

Armenpess-ის ცნობით, ამის შესახებ თბილისში გამართული „აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის“ დროს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მიესალმა რა მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს  ღონისძიების ორგანიზებისთვის, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია უკვე მეორედ მონაწილეობა მიიღოს „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრებისა და ახალი იდეების წარმოსაჩენად.

„წინა ჯერზე, 2023 წლის ოქტომბერში, ამავე ფორუმზე პირველად წარმოვადგინე სომხეთის მთავრობის ინიციატივა, პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელმაც შემდგომში ჩვენი მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა და აღიარება მოიპოვა“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა მონაწილეებს შეახსენა, რომ აღნიშნული პროექტის ძირითადი იდეა არის რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით, არა მხოლოდ საქართველოსა და ირანის, არამედ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებითაც, ამ ქვეყნების საზღვრების გახსნით.

პრემიერ-მინისტრმა სიხარულით აღნიშნა, რომ ამ მხრივ სომხეთმა დიდი პროგრესი აჩვენა. „2025 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და ინიციატივით, ვაშინგტონში მე და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოვაწერეთ  „მშვიდობის დეკლარაციას“, რომელსაც მოწმის სტატუსით ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ კომუნიკაციებს. პრემიერ-მინისტრმა ციტატად მოიყვანა დოკუმენტის მესამე პუნქტი.
„ჩვენ დავადასტურეთ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა შიდა, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის, სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე, რეგიონში და მის მეზობლობაში სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. ეს ძალისხმევა მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით შეუფერხებელ კომუნიკაციას, სომხეთისთვის საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო შესაძლებლობების უზრუნველყოფით“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის ამ პუნქტის შესრულების მიმართულებით აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„პრეზიდენტმა ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აუქმებს ტვირთების ტრანზიტის შეზღუდვებს თავისი ტერიტორიის გავლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მსურს ჩემი მადლიერება და მოწონება გამოვხატო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ ნაბიჯის მიმართ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, ახლა ხდება ის, რაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებლად ჩანდა: ყაზახეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში ხორბლის იმპორტი იწყება.

ამ წარმატებული თანამშრომლობისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button