მთავარიპოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო პროექტები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უწვენ, არამედ ავსებენ. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ იზიარებს იმ კომენტარებს, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო პროექტები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და მიიჩნევს, რომ, პირიქით, რეგიონის სატრანსპორტო მარშრუტები ერთმანეთს ავსებენ.

Armenpess-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში გამართულ ,,აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ იდეას, რადგან ჩვენი რეგიონის სატრანსპორტო მარშრუტები ერთმანეთს ავსებენ, რაც სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალს ზრდის. მოდით, მაგალითი მოვიყვანოთ. ვაშინგტონის დეკლარაციის მესამე პუნქტის განხორციელების შედეგად, ასევე გაიხსნება სპარსეთის ყურე-შავი ზღვის რკინიგზა, რაც უზომოდ გაზრდის არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ყველა ამ შეთანხმების განხორციელების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა არის მშვიდობა, რომელიც ვაშინგტონის სამიტის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობა უფრო ინსტიტუციონალური გავხადოთ, ხელი მოვაწეროთ და რატიფიცირება გავუკეთოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონში პარაფირდა. პარალელურად, ყველა სატრანსპორტო მარშრუტი ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნება, რაც ჩვენს რეგიონში ისტორიულ ცვლილებას მოიტანს“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თქმით, სომხეთ-თურქეთის დიალოგი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა, TRIPP პროექტი და რეგიონის ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიას ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო მარშრუტად აქცევს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის ინფრასტრუქტურა გადატვირთული იქნება და შესაძლოა, მზარდი ნაკადების მომსახურებისთვისაც კი არასაკმარისი იყოს.

„უზარმაზარი საერთაშორისო ინტერესი, რომელიც ახლა სამხრეთ კავკასიაზეა ორიენტირებული, არის კაპიტალი, რომელიც სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად სწორად უნდა გამოიყენონ რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, გვაქვს ისტორიული შანსი, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ განვითარებადი და აყვავებული სამხრეთ კავკასია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button