
სომხეთი რესპუბლიკა მზადაა უკვე დღევანდელი დღიდან უზრუნველყოს სატვირთო ავტომობილების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით, მარგარა–ეღეგნაძორ–სისიან–გორისის მარშრუტით.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
„თუ დავუშვებთ, რომ თურქეთიდან სატვირთო მანქანა მიდის მარგარას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აზერბაიჯანში გასამგზავრებლად, ჩვენ ეს უკვე დღესვე შეგვიძლია უზრუნველვყოთ. ჩვენი გზები გორისამდე და კორნიძორამდე კარგ მდგომარეობაშია. იცით, რომ კორნიძორშიც გვაქვს გარკვეული ინფრასტრუქტურა და შეგვიძლია მომსახურება, მათ შორის საპირისპირო მიმართულებითაც. ანუ, თუ კორნიძორის მხრიდან აზერბაიჯანული სატვირთო მივა თურქეთში წასვლელად, ესეც უკვე დღესვე შეგვიძლია განვახორციელოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს აზერბაიჯანისადმი საპასუხო ნაბიჯია.
„ისევე, როგორც აზერბაიჯანმა მოხსნა ჩვენთვის სატრანზიტო შეზღუდვები, ჩვენც ვხსნით ტრანზიტის შეზღუდვებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ხელმოწერის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დადასტურებული ფაქტია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა ყველა შეზღუდვა სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე. „მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა ყველა შეზღუდვა სომხეთში ტვირთების ტრანზიტისთვის. ასეთი პირველი ტრანზიტი იყო ყაზახური ხორბლის გადაზიდვა სომხეთში. ვფიქრობ, ეს არის კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა უკვე აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკული რეალობა“, – განაცხადა ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოგვიანებით სომხეთის რესპულიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ. ხოლო სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ მალე ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში შევა ხორბლის პირველი პარტია.







