
ევროპარლამენტი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იუნუს ომარჯიმ ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას სახელით გამოვიდა.
მისი თქმით, სომხეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აჩვენებს ქვეყნის მკაფიო არჩევანს ევროპული ოჯახის მიმართ.
„სომხეთის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, უაღრესად მნიშვნელოვანია. სომხეთმა მიიღო ისტორიული კანონი, რომელიც ნათელ და ძლიერ გზავნილს აგზავნის და აცხადებს, რომ ის თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ჟესტი, არამედ სტრატეგიული არჩევანი ევროპული დემოკრატიის ოჯახში გაწევრიანების შესახებ. ევროპარლამენტი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს ამ ისტორიულ გზაზე, თუ თქვენ გადაწყვეტთ ოფიციალურად წარადგინოთ თქვენი კანდიდატურა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – თქვა ომარჯიმ.
მან აღნიშნა, რომ სომხეთის ევროპული მიმართულება შეესაბამება ევროკავშირსა და სომხეთს შორის დამყარებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას.
„პოლიტიკური განცხადებების გარდა, არსებობს რეალური, ხელშესახები პარტნიორობაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო პროგრამებში. ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს, რათა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა სომხებისთვის. როდესაც ევროკავშირი და სომხეთი ერთად მიიწევენ წინ, მათ შეუძლიათ ააშენონ უფრო აყვავებული და სამართლიანი მომავალი ყველასთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ომარჯიმ.
2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.







