
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიის ფორმატში ცვლილებები არ იქნება ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ორბელის ფორუმი: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“.
„შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ, შესაძლოა, იყოს და იქნება ფორმატის გარკვეული ცვლილებები, რაზეც ჩვენ გვქონდა და გვექნება უფრო პრაქტიკული დისკუსიები ჩვენს ევროკავშირის პარტნიორებთან შესაბამის დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიამ სომხეთში საქმიანობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო. 2025 წლის იანვარში ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის 2 წლით გახანგრძლივება.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შედის პუნქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ორი ქვეყანა სახელმწიფოთაშორის საზღვარზე მესამე ქვეყნის ძალებს არ განათავსებს. ორმა ქვეყანამ სამშვიდობო შეთანხმებას ვაშინგტონში 8 აგვისტოს მოაწერა ხელი. აზერბაიჯანი კვლავაც სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად ასახელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ეს წინაპირობა სომხური მხარისთვის მიუღებელია.







