რეჟისორის, მსახიობის, ანა მაქსიმის ფილმმა „მედლის მეორე მხარე“ ჰოლივუდში ჯილდოები მოიპოვა

რეჟისორის, სცენარისტის, პროდიუსერისა და მსახიობის, ანა მაქსიმის ფილმმა „მედლის მეორე მხარე“ ჰოლივუდში ARPA-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზები მოიპოვა.
„Armenpress“-ის ცნობით, ის „საუკეთესო მხატვრული ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებულად აღიარეს, ხოლო ანა მაქსიმს „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო მიენიჭა.
მსახიობმა ამის შესახებ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
მხატვრული ფილმი „მედლის მეორე მხარე“ ფართო აუდიტორიას წარმოუდგენს ცნობილი ძალოსნის, ორგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნაზიკ ავდალიანის ცხოვრების აღმავლობასა და დაღმასვლას, ავლენს გვერდებს, რომლებიც შესაძლოა ავდალიანის ახლო მეგობრებისთვისაც კი უცნობი იყოს.
ავტოავარიაში მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ნაზიკ ავდალიანი შვიდი წლით ჩამოშორდა დიდ სპორტს, შემდეგ დაბრუნდა და, გარშემომყოფების უნდობლობისა და არაადამიანური ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა, რითაც დაამტკიცა, რომ თუ ნება და ურყევი სული არსებობს, შეუძლებელი არაფერია.
ანა მაქსიმმა, რომელიც ასევე ნაზიკ ავდალიანის პერსონაჟს განასახიერებს, ადრე აღნიშნა, რომ ისტორია კითხვებს ბადებს და გარკვეულ პასუხებსაც იძლევა. „რა მინდა, რა მიშლის ხელს ამის გაკეთებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი სურვილი სომხეთის მიმართ? ჩემი აზრით, ნაზიკ ავდალიანმა ამ კითხვებს უპასუხა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.







