
„ტრამპის გზის“ მშენებლობის დაწყება 2026 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ კრებაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„წლის ბოლომდე ყველა დეტალი ქაღალდზე უნდა აღვწეროთ. 2026 წლის პირველ ნახევარში უნდა შევთანხმდეთ, ხოლო მეორე ნახევარში სამშენებლო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ეს არის გეგმა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ასეთ პროექტებს ხშირად აქვთ დროის შეფერხებები.
ფაშინიანის თქმით, რკინიგზა გაივლის იმ მარშრუტს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში არსებობდა, რადგან სხვა მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობა რეალისტური არ არის.
„გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის მის ჩრდილოეთ მონაკვეთზე“, – თქვა ფაშინიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი ეფუძნება ვაშინგტონის დეკლარაციაში გათვალისწინებულ პრინციპებს: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა და საზღვრების ურღვევობა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმუშავებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ანუ TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის განხორციელების ჩარჩოს განსაზღვრის მიზნით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ TRIPP სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტია.
TRIPP ასევე მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის კავშირის უზრუნველყოფას.







