ფაშინიანმა ტრამპს მადლობა გადაუხადა სუპერკომპიუტერის შესაქმნელად Nvidia-ს ჩიპების სომხეთში ექსპორტის გადაწყვეტილებისთვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სუპერკომპიუტერის შექმნისთვის Nvidia-ს ჩიპების სომხეთში ექსპორტის აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებისთვის. „Armenpress“-ის ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პროგრამა ხორციელდება 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში.
„ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა, ამ თემაზე პრეზიდენტ ტრამპთან მესაუბრა, ინვესტორებს გარკვეული შეშფოთება ჰქონდათ პროცედურებთან დაკავშირებით, მოხარული და მადლიერი ვარ, რომ თეთრმა სახლმა სათანადოდ და ძალიან სწრაფად უპასუხა და ეს საინვესტიციო პროგრამა უკვე, ფაქტობრივად, აუცილებლად განხორციელდება“, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საინვესტიციო პროგრამა დიდი მნიშვნელობისაა ტექნოლოგიური სექტორისთვის.







