სომხეთში წმინდა შუბს (სომხ. გეღარდ) გამოაბრძანებენ მოციქულების წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს ხსენების დღეს

29 ნოემბერს, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია აღნიშნავს სომხეთის პირველი განმანათლებლების, მოციქულების წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს ხსენების დღეს. მისი უწმინდესობის, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის კანონიკური კონდაკით, მოციქულთა ხსენების დღე ასევე გამოცხადდა წმინდა ლახუარის (შუბის) დღესასწაულადაც.
ამ შუბით, იესოს ჯვარცმის შემდეგ, ერთ-ერთმა რომაელმა ჯარისკაცმა ჯვარზე მყოფ გარდაცვლილ იესოს ჭრილობა მიაყენა, საიდანაც „მყისვე სისხლი და წყალი გადმოვიდა“.
„ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი“ (იოანე 19,35)
იმ დღიდან მოყოლებული, სიკვდილის იარაღი, ლახუარი ანუ შუბი (სომხ. გეღარდ), ქრისტიანებისთვის წმინდა რელიქვიად იქცა. სომხური ეკლესიის ტრადიციის თანახმად, შუბი სომხეთში 33 წელს მოციქულმა თადეოზმა შემოიტანა და დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანულ თემებში ინახებოდა. 301 წელს, როდესაც ქრისტიანობა სომხეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, შუბი სომხური ეკლესიის საკუთრება გახდა. არსებობს ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სომხეთი ან მეზობელი ქვეყნები წმინდა შუბს იყენებდნენ ქვეყნისა და ხალხის დასალოცად, ომისა და ბოროტებისგან გასათავისუფლებლად.
ღვთაებრივი ლიტურგია აღევლინება მთავარ საკათედრო ტაძარში 10:30 საათზე, წმინდა შუბს გამოაბრძანებენ მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის და ის მთავარ საკათედრო ტაძარში 18:00 საათამდე დარჩება.
დღესასწაულის წინა დღეს, 28 ნოემბერს, საღამოს 17:30 საათზე, საღამოს წირვის დროს, დედა ტაძარში აღევლინება წინასადღესასწაულო წირვა, რომლის დროსაც გამოაბრძანებენ მოციქულების წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს ნაწილებს.







