ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში პროგრესი სომხეთის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – არარატ მირზოიანი

„სასიამოვნოა ბრიუსელში დაბრუნება ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს ძალიან წარმატებული სხდომიდან ორი კვირის შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენმა პარტნიორობამ სტრატეგიული დღის წესრიგი მიიღო, რამაც ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე აწია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის ფარგლებში.
„დღეს, ამ სხდომაზე განვიხილეთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ყველა ძირითადი მიღწევა, ეკონომიკის მხრიდან უფრო ძლიერი მდგრადობიდან დაწყებული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეებით და ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერით დამთავრებული.
ძირითადად განვიხილეთ ყველა ის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი, ამ პროცესში პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის მოქალაქეებისთვის, ასევე სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით“, – თქვა მირზოიანმა.
მან აღნიშნა, რომ ასევე განიხილეს უფრო ფართო სურათი, რეგიონული მოვლენები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კომუნიკაციების გახსნა, შესაძლებლობები და ევროკავშირის შესაძლო ჩართულობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა, თავის მხრივ, დღეს განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა არჩევნებში გარე ჩარევისგან თავის დასაცავად.







