
სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რომელშიც ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების გამო ღრმა აღშფოთებაა გამოთქმული.
ამის შესახებ Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.
„სომხეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რომელშიც სახელმწიფო მედია ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი გადაცემის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ღრმა აღშფოთებაა გამოთქმული. ხაზგასმულია, რომ ეს არის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელი ხელყოფა და მტრული განწყობის გამოვლინება, რაც უხეშად არღვევს სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
გავიხსენოთ, რომ რუსმა ტელეკომენტატორმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა, რიგით გადაცემაში, ამჯერად „Solovyov LIVE“-ის ეთერში განაცხადა: „საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესრიგის იგნორირება. თუ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება დაგვჭირდა, რატომ არ შეგვიძლია, იმავე მოსაზრებებიდან გამომდინარე, მისი განხორციელება ჩვენი გავლენის ზონის სხვა წერტილებშიც? ის, რაც სომხეთში ხდება, ჩვენთვის გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში ხდება. სომხეთის დაკარგვა უზარმაზარი პრობლემაა“.







