სომხეთის ეროვნული კრების კომიტეტმა დაამტკიცა სომხეთსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება

სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა მუდმივმა კომიტეტმა დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნებართვის გარეშე მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
„არმენპრეს“-ის ცნობით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არმენ ღაზარიანმა წარადგინა.
„შეთანხმება ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ყოფნის კანონიერი საფუძვლები არ გააჩნიათ. შეთანხმება ადგენს პროცედურებს, რომლითაც ორი ქვეყნის სახელმწიფო უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა აღნიშნული პირების შესახებ; მოქალაქეობის გაურკვევლობის შემთხვევაში, განისაზღვრება დოკუმენტები, რომლითაც ზუსტდება პირის მოქალაქეობა“, – თქვა ღაზარიანმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანია არალეგალური მიგრაციის პრევენცია და შეზღუდვა და მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის დამყარება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნებართვის გარეშე მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.







