პოლიტიკა

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს „ტრამპის მარშრუტის“ გამო  – უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური

აშშ და სომხეთი იწყებენ TRIPP მარშრუტს, რაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მთავარი მოთამაშის როლს ართმევს. ახალი დერეფანი აზიასა და ევროპას სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით დააკავშირებს მოსკოვის მონაწილეობის გარეშე.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC Ukraine უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ ფაქტორად იქცევა.

ის შეერთებულ შტატებს სატრანზიტო დერეფნის განვითარების განსაკუთრებულ უფლებებს აძლევს. სომხურ-ამერიკული ერთობლივი მმართველი კომპანია პროექტის კონტროლს მომდევნო 49 წლის განმავლობაში მიიღებს.

„TRIPP საბოლოოდ ართმევს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მთავარი მოთამაშის პოზიციას“, – აღნიშნავს უკრაინის დაზვერვის სამსახური.

TRIPP პროექტი მოიცავს ნავთობისა და გაზის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების, ასევე რკინიგზისა და გზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ირანის საზღვართან მდებარე რკინიგზის ხაზის გასწვრივ. აღნიშნულია, რომ ბენეფიციარების ლოგიკით, დერეფანი ტრანსკასპიური მარშრუტის „მნიშვნელოვან რგოლს“ შექმნის, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შემდეგ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით გაივლის. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, რუსეთის მონაწილეობა პროექტში ამერიკულ და სომხურ მხარეებს შორის არც კი განხილულა. დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თითქმის ულტიმატუმის მსგავსად, მიმართა რუსეთის რკინიგზის კომპანიას და სომხეთის რკინიგზის ამჟამინდელ კონცესიონერს, დაუყოვნებლივ აღადგინონ  დაზიანებული ხაზები აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სომხეთის ხარჯზე მოხდება და კითხვებს გააჩენს რეგიონში რუსეთის ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button