ჩვენ მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს, რომელიც ცდილობს დაიცვას თავისი დემოკრატიული მომავალი – მოლდოვას პრეზიდენტი

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთს და სომეხ ხალხს მათი დემოკრატიული მომავლის დაცვაში. სანდუმ ეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
„მწუხარებით ვადევნებ თვალყურს საქართველოს. მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომელიც აგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და თვითგამორკვევის უფლების დაცვას, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა, გააძლიერა ომის შიში და მიანიშნა, რომ არჩევნებში არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდება.
ახლა სომხეთი იმავე სტრატეგიის სამიზნე ხდება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენიტეტის შესუსტებას, დემოკრატიულ არჩევანზე გავლენის მოხდენას და შიდა სისუსტეების გამოყენებას“, – აღნიშნა სანდუმ.
როგორც მან თქვა, მოლდოვა მხარს უჭერს სომხეთს და მის ხალხს, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ზეწოლას.







