
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა Axios-ს განუცხადეს, რომ თეთრი სახლი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრის გამართვას ვაშინგტონში 19 თებერვალს გეგმავს.
პირველი შეხვედრა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასოციაციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული ქვეყნების ლიდერების დონეზე გაიმართება. „ეს იქნება მშვიდობის საბჭოს პირველი შეხვედრა და ღაზას რეკონსტრუქციისთვის თანხების მოზიდვის კონფერენცია“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
თეთრი სახლი ღაზას სექტორში კონფლიქტის მოგვარების გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას ისახავს მიზნად.
თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ წინააღმდეგობა გამოთქვა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის წევრობის გადასახადის მიმართ, რომლის გამოყენებასაც ტრამპი ომისგან განადგურებული ღაზას სექტორის აღსადგენად აპირებს. დონორი ქვეყნები ყოყმანობენ ღაზას რეკონსტრუქციის გეგმისთვის თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, სანამ ჰამასი არ განიარაღდება.
შვიდმა დასავლელმა დიპლომატმა განმარტა, რომ დაფინანსების შეფერხება ასევე განპირობებული იყო ზოგიერთი პოტენციური დონორის მოთხოვნით, რომ თანხებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მართავდა და არა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭო“.
ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს, თეთრმა სახლმა დაიწყო მშვიდობის საბჭოს წევრი ქვეყნების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან დაკავშირება ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად. Axios-ის ცნობით, შეხვედრის ადგილი უკვე შერჩეული იყო: მშვიდობის ინსტიტუტ USIP-ი, რომელსაც ტრამპმა დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი დაარქვა. „ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული, მაგრამ ადმინისტრაცია გეგმავს ღონისძიებას და დაიწყო იმის დადგენა, თუ რომელი ლიდერები შეძლებენ დასწრებას“, – თქვა წყარომ.
დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ღაზას მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ვაშინგტონში გაიმართება ღონისძიება, სადაც კერძო სექტორის მრავალი ინვესტიცია გამოცხადდება.
დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ასოციაციის წესდებას, რითაც შეუერთდა ტრამპის მიერ დაარსებულ „მშვიდობის საბჭოს“.







