
სომხეთმა აშშ-სგან V-BAT უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა სომხეთ-აშშ-ის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის ფარგლებში. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი დავაფიქსირეთ სომხეთ-აშშ-ის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროში. ორმხრივი მრავალწლიანი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და სამი წლის განმავლობაში მიმდინარე „Eagle Partner“ სამხედრო წვრთნების გაგრძელების ფარგლებში, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია გამოყენების მდიდარი გამოცდილებით და რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრანზაქცია, რომელიც აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საფუძველი გახდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ დაამტკიცეს სომხეთისთვის 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიის მიყიდვა.







