
ევროპარლამენტის წევრებმა აზერბაიჯანში დაკავებული სომხების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ოფიციალურმა პირებმა დაგმეს ბაქოს სამხედრო სასამართლოს მიერ 19 სომეხი დაკავებულიდან 15-ის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და შერიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ხელი მოეწერა ვაშინგტონის დეკლარაციას, პარაფირდა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი და ათწლეულების განმავლობაში პირველად, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთი გაიგზავნა. ევროპარლამენტარები იხსენებენ, რომ ბაქომ ასევე გაათავისუფლა აზერბაიჯანში დაკავებული 4 სომეხი.
„ამ მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გააგრძელოს პოზიტიური დინამიკის განვითარება და გაათავისუფლოს ყველა სომეხი დაკავებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მათი გათავისუფლება კეთილი ნების მნიშვნელოვანი დემონსტრირება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება მდგრადი მშვიდობისკენ სამხრეთ კავკასიაში.







