
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ნებისმიერმა მესამე ქვეყანამ, რომელსაც სომხეთთანაც და რუსეთთანაც თბილი ურთიერთობები აქვს, რუსეთისგან უნდა შეიძინოს რკინიგზის კონცესიური მართვის უფლება. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„Tripp-ის ფარგლებში ახლა არიან ძალები, რომლებიც ამბობენ, მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ მეღრის შემდეგ, როდესაც რკინიგზა ნახიჩევანში შევა, სომხეთს გვერდი აუაროს, ამბობენ, შეხედეთ, სომხეთის რკინიგზა რუსეთის მართვის ქვეშაა. სამწუხაროდ, რუსეთსა და ბევრ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ რკინიგზა სომხეთის საკუთრებაა და რუსეთს არ სურს და არ შეუქმნის დაბრკოლებებს ჩვენს რეგიონულ პროექტებს. მე ასევე ვესაუბრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ამის შესახებ, ვიცი, რომ ის მხარს უჭერს ყველა ამ პროგრამას. პრობლემა ის არის, რომ რიგ ქვეყნებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოსაზრება, რომ ნახიჩევანის შემდეგ სომხეთის გავლით გაგრძელება საჭირო არ არის, რადგან რკინიგზა რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში სომხეთი კარგავს სტრატეგიულ პოზიციებსა და კონკურენტულ უპირატესობას.
„გამოსავალს, მე ვხედავ იმაში, რომ ქვეყანამ, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე სომხეთთან, უბრალოდ უნდა შეიძინოს რუსეთისგან კონცესიის მართვის უფლება. მაგალითად, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ქვეყნები, რომლებსაც თანაბრად თბილი ურთიერთობები აქვთ როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე სომხეთთან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.







