სომხეთის მთავრობას გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის გეგმა არ აქვს

მთავრობას ქვეყანაში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის დახურვის გეგმა არ აქვს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში პოლონეთში უცხოელ ელჩებთან, დიპლომატებთან და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ ერთ-ერთი დამსწრის კითხვაზე ,,მიმართავს თუ არა სომხეთის მთავრობა რუსეთს გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის მოთხოვნით” პასუხის გაცემისას განაცხადა,. „რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ყოფნას ჩვენს ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში რაღაც მოხდა. 2024 წლამდე სომხეთის სასაზღვრო პუნქტების უმეტესობა რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო ან იქ რუსი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, მაგალითად, ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში. თუმცა, ამჟამად ჩვენს საზღვრებზე ყველა სასაზღვრო პუნქტს სომეხი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ბუნებრივია, ჩვენ მადლიერები ვართ რუსეთის. როგორც ახლად დამოუკიდებელი სახელმწიფო, 90-იანი წლების დასაწყისში ასეთი მომსახურების გაწევის შესაძლებლობები არ გვქონდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია და ვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს.
ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა, პროგრამა ან შეშფოთება რუსული სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან ახლო პარტნიორები ვართ, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გვაქვს“, – განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კუხო-ში. „ეს განპირობებულია 2022 წელს მომხდარი გარკვეული მოვლენებით. სომხეთი იმედგაცრუებული იყო კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მიმართ, რადგან, იურიდიული ვალდებულების გათვალისწინებით, კუხო-მ ადეკვატურად არ უპასუხა სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ტრანსფორმაციის ფაზაშია. ამჟამად რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილნი და გვსურს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ცხადია, რომ ეს ურთიერთობები მრავალი ფაქტორის გამო იცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის ნოემბერში რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტის როლი გადამწყვეტი იყო აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის დამყარებაში“, – თქვა ფაშინიანმა.







