
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა, სხვა ქვეყნების მიერ სომხეთის რკინიგზის რუსეთისგან მართვის უფლების შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
Armenpress-ის ცნობით, სიმონიანი სომხეთის რკინიგზის მართვის თემას ეროვნულ კრებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო.
„ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რუსულ მხარესთან განვიხილავთ. და რაც შეიძლება მალე ველოდებით პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და სურთ რუსეთისგან სომხეთის რკინიგზის მართვის უფლების შეძენა. მე თვითონ ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ბუნებრივია, არის ინტერესი და საუბარი ამის შესახებ. სხვა საკითხია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარემ.
სიმონიანის თქმით, სომხეთის რკინიგზის რუსეთისგან მართვის აღების შესახებ გადაწყვეტილება არ არსებობს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის რკინიგზის მესამე ქვეყნიდან მართვის შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთს არც ჰქონდა და არც აქვს სურვილი ან განზრახვა, რამე გაეკეთებინა რუსეთის წინააღმდეგ. „მაგრამ ახლა, რუსეთის მიერ რკინიგზის მართვის გამო, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს პოზიციებს და კონკურენტულ უპირატესობას. გამოსავალი, რომელიც მე წარმომიდგენია, არის ის, რომ ქვეყანამ, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან, პირდაპირ შეიძინოს კონცესიის მართვის უფლებები რუსეთისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







