მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა: პრემიერ-მინისტრი

სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი.

„ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: „ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე“. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავაგრძელოთ რეფორმების გზა და პირველ რიგში, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები. როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა: ან ევროკავშირი მიგვიღებს, ან არ მიგვიღებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის ჩართვა მარტივი საკითხი არ არის და ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. ამიტომ, თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს ძალიან კარგია. თუ არ მიგვიღებს, ჩვენ მაინც მოგებული ვრჩებით, რადგან ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button