სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივების პროგრამა რამდენიმე დღეში ამოქმედდება

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის კიდევ 10 წლით გახანგრძლივების პროგრამა რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა ეკონომიკურ საკითხთა ეროვნული პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის (2021-2026) 2025 წლის განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2026 წლამდე გახანგრძლივების პირველი პროგრამა(რედ. 2016 წელს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 10 წლით გაგრძელდა). სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მეორე პროგრამა, რაც გულისხმობს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის კიდევ 10 წლით გახანგრძლივებას. „სახელმწიფო ბიუჯეტიდან სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს 63,2 მილიარდი დრამის ბიუჯეტური სესხი გამოეყო“, – თქვა ხუდატიანმა.
ამავდროულად, სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა კომპანიებთან ახალი ატომური ბლოკის მშენებლობაზე. სომხეთის მთავრობამ უკვე შეარჩია ატომური ელექტროსადგურის ტიპი, რომელიც მოდულური ტიპის ატომური ელექტროსადგურია.
„ჩვენ ავირჩევთ მოდელს მიმდინარე წლის განმავლობაში ან 2027 წლის დასაწყისში, რის შემდეგაც შემდეგ ეტაპზე გადავალთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მოდულური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რიგ ქვეყანასთან, კერძოდ, აშშ-სთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.







