ევროკავშირი სომხეთს დამატებით 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს დამატებით 140 მილიონ ევროს გამოუყოფს რეფორმების გაძლიერების და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განაცხადა ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მართა კოსმა ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან ერთობლივი განცხადებების დროს.
„მაისში სომხეთი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს, რასაც მოჰყვება ევროკავშირ-სომხეთის პირველი სამიტი. ეს იმის დასტურია, თუ რამდენად გაიზარდა ამ რეგიონის მნიშვნელობა ევროპისთვის და რამდენად გაღრმავდა ჩვენი პარტნიორობა“, – თქვა მან.
„ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომების ფონზე, სამხრეთ კავკასიის გავლით სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ვიცე-პრემიერ გრიგორიანთან ერთად განვიხილეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები, რათა შემცირდეს ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტირების დრო და ხარჯები. 2022 წლიდან ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა.
წარმოგიდგენიათ ოთხჯერ გაზრდა ოთხ წელიწადში? ექსპერტების თქმით, სწორი ინვესტიციებით, 2030 წლისთვის ეს შეიძლება სამჯერ გაიზარდოს, რაც სასარგებლო იქნება როგორც სომხეთისთვის, ასევე ევროპისთვის.
მაგრამ ჩვენი სამუშაო მხოლოდ ვაჭრობასა და ეკონომიკას არ ეხება. მე ამას ასევე ვხედავ, როგორც მშვიდობის ხელშემწყობ ფაქტორს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ და მინდა თბილად მივესალმო ამ ძალისხმევას. ევროპას სურს მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ ინვესტიცია ჩავდოთ რეგიონულ კავშირებში, რათა ხელი შევუწყოთ ხანგრძლივ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას.
ევროკავშირი ასევე აშენდა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნა, ხიდებისა და თანამედროვე გზების მშენებლობა არა მხოლოდ ბაზრებს, არამედ ადამიანებსაც დააკავშირებს. ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ასევე შეამცირებს კონფლიქტის რისკს. ევროპამ ეს კარგად იცის საკუთარი ისტორიიდან“, – თქვა კოსმა. მან აღნიშნა, რომ „მდგრადობისა და ზრდის“ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა უკვე მხარი დაუჭირა დაახლოებით 7000 საწარმოს და ხელი შეუწყო 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ასევე ხორციელდება პროგრამები განათლების, სოციალური მომსახურებისა და საცხოვრებლის სფეროებში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც 70 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
მართა კოსმა განაცხადა, რომ 140 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა ასევე მიმართულია ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში პროგრესის უზრუნველსაყოფად საჭირო რეფორმებისკენ.
მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.







