პოლიტიკა

სომხეთმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

სომხეთის რესპუბლიკამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარადგენისას განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„მინდა გაცნობოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ძირითადად მედიკამენტების სახით.  სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა მირზოიანმა, ეროვნული კრების ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატის, ქრისტინე ვარდანიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ „აჟიოტაჟის“ აუცილებლობა ვერ დაინახა, მაგრამ რადგან საკითხი წამოიჭრა, საჭიროდ მიიჩნევს ამის შესახებ ინფორმირებას.

ადრე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა საკუთარი ინიციატივით გაუწიოს ირანს ჰუმანიტარული დახმარება, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ სჭირდება ჩვენთან დაკავშირება ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით, რადგან თუ ჩვენ თვითონ დავინახავთ, რომ არსებობს რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება, რომლის მხარდაჭერაც შეგვიძლია, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button