პოლიტიკა

მირზოიანი: სომხეთ-აშშ-ს შორის TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ შენელებულა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ირწმუნება, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ შენელებულა, მიუხედავად აშშ-ს მიერ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებისა.

ამის შესახებ არარატ მირზოიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეჩერდა თუ არა აშშ-სთან TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და შეშფოთებულია თუ არა სომხეთის ხელისუფლება, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გაგრძელდება, პროექტი შესაძლოა არ განხორციელდეს.

„გარწმუნებთ, რომ სომხეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკებები TRIPP-თან დაკავშირებით არ შენელებულა და ნორმალურად მიმდინარეობს. პირველი ნაბიჯი 8 აგვისტოს გამოცხადდა, მეორე ეტაპზე მოლაპარაკება მოვაწყვეთ, ხოლო 14 იანვარს შევთანხმდით და გამოვაქვეყნეთ ყოვლისმომცველი დოკუმენტი განხორციელების ჩარჩოს შესახებ.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამთავრობათაშორისო შეთანხმების დადება, რომელიც მეტ სამართლებრივ მექანიზმს უზრუნველყოფს. TRIPP-ზე მუშაობა ამჟამად დოკუმენტზე მუშაობაა, ის მიმდინარეობს. როდესაც ეს შესაძლებელი გახდება, ჩვენ ასევე ადგილზეც დავიწყებთ მუშაობას“, – თქვა მირზოიანმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საფრთხეს, რომ ირანის გარშემო და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე TRIPP-ის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, კერძოდ, სამხედრო მიზნებისთვის იყოს შესაძლებელი, მირზოიანმა განაცხადა:

„საუბარია წმინდა სატრანსპორტო და ექსკლუზიურად ურთიერთდაკავშირების პროექტზე, რომელიც ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეუქმნის სომხეთს, აზერბაიჯანს, ყველა მეზობელს, მათ შორის ირანს. ჩვენი შეხვედრების დროს, თუ არ ვცდები, ირანელ ოფიციალურ პირებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რამდენჯერმე საჯაროდ ეთქვათ, რომ სომეხმა ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს მათ ინფორმაცია, რომ მათ არანაირი შეშფოთება არ ჰქონდათ და უფრო მეტიც, რომ მათთვის შესაძლებლობები იქმნებოდა“.

ერთ-ერთი ჟურნალისტის მტკიცებაზე, რომ არსებობდა შეშფოთება, რომ აშშ-მ შესაძლოა გარკვეულ მომენტში თავისი წილი TRIPP-ში მესამე ქვეყანას, მაგალითად, თურქეთს მიჰყიდოს, მირზოიანმა უპასუხა:

„დოკუმენტს  წაკითხვა უნდა.  ეს საკითხი განხილულია TRIPP-ის განხორციელების ჩარჩოს შესახებ დოკუმენტში, იქ არის გათვალისწინებული მექანიზმები, რომლითაც  არ შეიძლება მოხდეს  წილის გადაცემა ან  გაყიდვა სომხეთის თანხმობის გარეშე“.

ნახეთ მეტი
Back to top button