2025 წლის ბოლოსთვის, სომხეთის სახელმწიფო ვალი დაახლოებით 5.5 ტრილიონ დრამს შეადგენდა – ფინანსთა სამინისტრო

2025 წლის ბოლოსთვის, სომხეთის სახელმწიფო ვალი დაახლოებით 5.5 ტრილიონ დრამს (14.5 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენდა. ამავდროულად, მისი მშპ-სთან თანაფარდობა კონტროლირებად დონეზე დარჩა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანსიანმა 23 მარტს, საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სომხეთის მთავრობის პროგრამის (2021-2026) 2025 წლის განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.3%-ს მიაღწია, რაც სომხეთის რესპუბლიკის ფისკალური წესებით დადგენილ 50%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი რჩება.
„2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებამ შიდა ნასესხები სახსრების ხარჯზე 297 მილიარდი დრამი ანუ 67.7% შეადგინა, ხოლო დეფიციტის დაფინანსებამ გარე ნასესხები სახსრების ხარჯზე 142 მილიარდი დრამი ანუ დაახლოებით 32.3%. 2025 წლის ბოლოსთვის, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ვალის ხვედრითი წონა 52.9%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, – განმარტა მთავრობის წარმომადგენელმა.
მან აღნიშნა, რომ წინასწარი პროგნოზებით, ვალი 50%-იან ნიშნულს უნდა აღემატებოდეს. თუმცა, სინამდვილეში ის შემცირდა. ჰოვჰანისიანის თქმით, დადებითი მაჩვენებელი ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული: მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით და საგადასახადო შემოსავლების ზრდით. „პირველი არის მშპ-ს პროგრესული ზრდა, რომელიც დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილს. ასევე გადასახადების აკრეფა, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვვარაუდობდით, რადგან წლის შუა პერიოდში მივხვდით, რომ 2025 წლის ბიუჯეტის მომზადებისას დადგენილი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი იყო. ჩვენ ვგეგმავდით 5.5 პროცენტიან დეფიციტს, მაგრამ სინამდვილეში 3.7 პროცენტიანი დეფიციტი გვქონდა“, – დასძინა მინისტრმა.
ვაჰე ჰოვჰანსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალის მართვის შესაფასებლად ახალი ინსტრუმენტი დაინერგა, რომელიც რისკების უფრო ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას იძლევა. ახალი მოდელი სახელმწიფო ვალის მდგრადობის უფრო სრულყოფილი სურათის მიღების საშუალებას იძლევა.







