აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს: საქსი

თუ ესკალაცია გაგრძელდება, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ეს მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა ეკონომისტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
„ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ აშშ-სა და ისრაელის აგრესიის მიმართ გლობალური რისხვა და უკმაყოფილება ამ ქვეყნებს შეჩერებას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის ცეცხლში გახვეულს ვიხილავთ. ეს კონფლიქტი ადვილად შეიძლება გლობალურ ხანძრად, ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეს“, – აღნიშნა მან იაპონურ პორტალ Nikkei Asia-სთან ინტერვიუში.
საქსმა დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციები შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს, რადგან აშშ და ისრაელი „მტკიცედ არიან გადაწყვეტილნი, დაამყარონ ჰეგემონია არაბულ სამყაროში და დასავლეთ აზიაში“. მისი აზრით, ორივე ქვეყანა თავის საბოლოო მიზნად „დიდი ისრაელის“ შექმნას მიიჩნევს, რომელიც „შთანთქავს მთელ ისტორიულ პალესტინას“, არაბულ ქვეყნებს სუვერენიტეტს ჩამოართმევს და რეგიონიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტს აიღებს. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია და ებრაული სახელმწიფო ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ რეგიონის ქვეყნებს „სურთ, რომ ისრაელი ასე უკონტროლოდ მოიქცეს“. ექსპერტის თქმით, არცერთ ქვეყანას არ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკონტროლოს ენერგო ექსპორტი. საქსმა გააფრთხილა, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გაგრძელდება, მსოფლიო უპრეცედენტო ენერგეტიკულ კრიზისში აღმოჩნდება და მათი ეკონომიკური შედეგები შეიძლება „კატასტროფული“ იყოს.







