პოლიტიკა

სომხეთი რუსეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს  – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი სხვა პარტნიორებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს უფრო მომგებიანი ვარიანტის მოსაძებნად.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ტრადიციულ მიმართულებად რჩება.

 „ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის სექტორში და აქ ძალიან ტრადიციული, ძლიერი კავშირები და თანამშრომლობა გვაქვს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა ასევე მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, კერძოდ, განახლებადი ენერგიის სფეროში. ფაშინიანმა კონკრეტულად ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თემას შეეხო.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე რუსეთის ფედერაციასთან“, – აღნიშნა მან.

ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ღია და მრავალმხრივ ფორმატში მოქმედებს.

„ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ, რადგან არ ვმალავთ, რომ ამ საკითხებს არა მხოლოდ რუს პარტნიორებთან, არამედ სხვა პარტნიორებთანაც განვიხილავთ, რადგან სომხეთის რესპუბლიკისთვის ყველაზე მომგებიან წინადადებას ვეძებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button