პოლიტიკა

ფაშინიანმა განმარტა, თუ რა ვითარებაში შეიძლება მიმართოს  სომხეთმა ოფიციალურად ევროკავშირს სრულუფლებიან წევრად გახდომის თხოვნით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, თუ რა ვითარებაში შეიძლება მიმართოს  სომხეთმა ოფიციალურად ევროკავშირს სრულუფლებიან წევრად გახდომის თხოვნით.

ნიკოლ ფაშინიანმა ამ თემას შეეხო  მმართველი პარტია   „სამოქალაქო კონტრაქტის“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

„2023 წლიდან სომხეთში მოქმედმა ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაში მის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

2024 წელს მიღებულ იქნა და ამჟამად ხორციელდება სომხეთის მხარდამჭერი ევროკავშირის „მდგრადობისა და ზრდის“ პროგრამა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კონსენსუსის საფუძველზე გაუწიეს სომხეთს მხარდაჭერა „ევროპული მშვიდობის მექანიზმის“ ფარგლებში.

2025 წელს მიღებულ იქნა კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

დაიწყო სომხეთ-ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგი და ამ მიმართულებით სომხეთს გადაეცა სამოქმედო გეგმა.

დაიწყო სომხეთ-ევროკავშირის კონსულტაციები უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

იმავე წელს ხელი მოეწერა სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს. სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ძალაშია 2018 წლიდან.

სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად საჭირო რეფორმების განხორციელებას მანამ, სანამ სრულად არ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. როდესაც სომხეთი დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი გახდება და დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად.

თუ კი, სომხეთის რესპუბლიკა მიმართავს – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, თუ არა – ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელება სომხეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული მიღწევა იქნება, რადგან სომხეთი გახდება ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და სომხეთის ურთიერთობებსა და მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში ამასთან დაკავშირებით შეტანილ დებულებაზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება ხვდება, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი.

„მაგრამ სანამ ევროკავშირთან დაახლოებისკენ და ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაცვისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა კვლავაც დარჩება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად და განავითარებს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს თავის წევრ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button