მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი უარყოფს ფაშინიან-ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ჭორებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა, უარყო X სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებული ჭორები, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „Armenpress“-ის ცნობით, ნაზელი ბაღდასარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებას უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის ტიპური ნიშნები აქვს. „X სოციალურ პლატფორმაზე ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიში ავრცელებს აშკარად ცრუ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, გამოაქვეყნა პოსტი Truth Social პლატფორმაზე, სადაც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყებოდა.

მსურს გაცნობოთ, რომ ასეთი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ასეთი შინაარსის განხილვა არ მომხდარა. გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და არ შეესაბამება რეალობას.

აღნიშნულ მტკიცებას აქვს უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის FIMI-ის ტიპური ნიშნები. კერძოდ, მისი გავრცელების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით – ერთი და იგივე შინაარსის გაძლიერებული გავრცელება ან ურთიერთდაკავშირებული ფორმულირებები X პლატფორმაზე მრავალი მომხმარებლის ანგარიშის მიერ, დაუდასტურებელ წყაროზე დაფუძნებული მტკიცების გავრცელება, ჩვენ ამას სისტემატური ინფორმაციული მანიპულირების მცდელობად მივიჩნევთ“, – წერს პრესმდივანი და მოუწოდებს მედიას, საზოგადოებრივ პირებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button