პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი უარყოფს ინფორმაციას, რომ სომხეთი, სავარაუდოდ, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში სოფელ ჯილიზას საქართველოს გადასცემს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა, უარყო ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ სომხეთი ალავერდის თემის სოფელ ჯილიზას საქართველოს გადასცემს საზღვრის დემარკაციის პროცესის ფარგლებში.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ნაზელი ბაღდასარიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა „ინფორმაცია“, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას გადასცემს. ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ, თავისი არსით, არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ, როგორც ადრე, ჩვენ ახლაც ვუარყავით და მომავალშიც ვუარყოფთ ასეთი შინაარსის ნებისმიერ პუბლიკაციას, რადგან ისინი შეთხზულია“, – წერს ბაღდასარიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხი სომხეთის მთავრობის დღის წესრიგშია.







