პოლიტიკა

სომხეთმა და თურქეთმა ანის ხიდის აღდგენის შესახებ ურთიერთ მხარდაჭერის  მემორანდუმს მოაწერეს ხელი

სომხეთმა და თურქეთმა ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის ფარგლებში ანის ხიდის აღდგენის შესახებ ურთიერთ მხარდაჭერის  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ნაყოფიერი აზრთა გაცვლა შედგა. ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჩვენ მივესალმეთ ისტორიული ანის ხიდის ერთობლივი აღდგენის შესახებ ოქმის ხელმოწერას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა X მიკრობლოგზე აღნიშნა, რომ მას ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყოვლისმომცველი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, შეხვედრის დროს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„მის აღმატებულება ფაშინიანთან შეხვედრის დროს ჩვენ ყოვლისმომცველად შევაფასეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ტრანსპორტის, საბაჟო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურისა და კავშირების გაძლიერებისკენ“, – აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.

ილმაზმა ასევე ხაზი გაუსვა მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს. „განსაკუთრებით გვიხარია, რომ მოგვარების პროცესის ფარგლებში გადადგმული ორმხრივად კონსტრუქციული ნაბიჯები კონკრეტულ პროგრესს იწვევს“, – წერს ის.

 ანის ხიდის აღდგენაზე საუბრისას, ილმაზმა აღნიშნა, რომ ანის ხიდის ერთობლივი რეკონსტრუქციის შესახებ  მხარდაჭერის  მემორანდუმის ხელმოწერა ასევე ხელს შეუწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ძლიერი გარემოს შექმნას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას.

 „რეგიონული მშვიდობის, დიალოგისა და სტაბილურობის საფუძველზე, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს მიდგომას სამხრეთ კავკასიაში დარეგულირების  ხელშეწყობის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა ილმაზმა.

 თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სტუმართმოყვარეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს შემდგომ პოზიტიურ განვითარებას.

სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარე ისტორიული ანის (აბრეშუმის გზის) ხიდის აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეცი

ალურმა წარმომადგენელმა, რუბენ რუბინიანმა და თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა, სერდარ კილიჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button