სომხეთს შეუძლია რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრი გახდეს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრი გახდეს.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერევანში, სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის ცენტრალურ აზიასა და კასპიის ზღვაზე უმოკლესი გზა სომხეთის გავლით გადის, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს გზა ომის გამო დაიხურა. „ახლა თქვენ ამას ცვლით, მშვიდობისთვის გაბედული არჩევანის და ევროპულ ქსელებში უფრო დიდი ინტეგრაციის წყალობით. ამის წყალობით, სომხეთს შეუძლია ახალი სავაჭრო გზების რეგიონული ცენტრი გახდეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან ენერგეტიკის სექტორში, ასევე დიგიტალიზაციის სფეროში. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ევროპას შორის ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი არსებობდა.
„მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საერთო ისტორია და კულტურა, არა მხოლოდ ჩვენი უძველესი კავშირები, არამედ ის შესაძლებლობებიც, რომლებიც წინ გველის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი და ევროკავშირი ახლა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური პროგრესი შეინიშნება. ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ ევროკავშირის „გლობალური კარიბჭეების“ სტრატეგიის ფარგლებში სომხეთში ინვესტიციებისთვის უკვე 2,5 მილიარდი ევროა გამოყოფილი.
„უკრაინიდან ირანამდე, მთელი რეგიონი ომებით არის შეძრული, ხოლო აქ, სამხრეთ კავკასიაში, ეს სხვა ამბავია, სხვა სიტუაციაა. ახალი კონფლიქტების ეპოქაში თქვენ ძველ ჭრილობებს კურნავთ და ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ იმის ჩვენებით, რომ მშვიდობა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის ჩამოყალიბების მაგალითი გაიხსენა, როდესაც ადრე მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა შეძლეს მეგობრობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის მოტანა სავაჭრო კავშირების დამყარების გზით.







