მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მიერ გატარებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონად აქცევს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საერთაშორისო კონფერენციის „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „დაკაშირებადობიდან შესაძლებლობამდე: ევროკავშირ-სომხეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა“, გახსნითი სიტყვით გამოვიდა.

„არმენპრეს“-ი წარმოგიდგენთ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ  გამოსვლის სრულ ტექსტს:  

„ჩემი გამოსვლის დასაწყისში, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას წარმატებული და უკვე დასრულებული სერია მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებისა, რომლებიც ამ დღეებში ერევანში იმართება, მათ შორის ერევნის მე-8 სამიტი, სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი სომხეთში და, რა თქმა უნდა,  „ერევნის დიალოგის“ მესამე კონფერენცია.

ჩემი გამოსვლისთვის მომზადებისას, გავიფიქრე, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის  შემოდგომაზე, როდესაც სომხეთმა წარადგინა განაცხადი ერევნის მე-8 სამიტის სომხეთში ჩასატარებლად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად ხაზი გაუსვა, რომ ერევნის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა „დაკავშირებადობა“.  დღეს სომხეთი დაკავშირებადობის შესაძლებლობების გაფართოების სათავეშია. თუმცა,დაკავშირებადობა მხოლოდ მაშინ იძენს ღირებულებას, როდესაც ის, თავის მხრივ, ქმნის თვალსაჩინო და ხელშესახებ შესაძლებლობებს და ეფუძნება მშვიდობას. საბედნიეროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. მოდით, ვაღიაროთ, რომ დაკავშირებადობა ნიშნავს სატრანსპორტო გზების ხელახლა გახსნას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას და ინვესტირებას უფრო ფართო ეკონომიკურ ქსელებში, რომლებიც აკავშირებენ სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის ევროპასა და აზიას. ამიტომ, ამ გაგებით, სამხრეთ კავკასიას შეუძლია გახდეს უნიკალური ჰაბი სამხრეთ-ჩრდილოეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინზე.

აშკარაა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა, შუა დერეფნის განხორციელება და ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის, ენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების შეუფერხებელი კავშირი ყველასთვის ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. ამ მხრივ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი, რომელიც ჩვენი რეგიონის ურთიერთდაკავშირებულობას რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებად და შედეგებად აქცევს.

 აღსანიშნავია, რომ წლების წინ, როდესაც 2009 წელს პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი დაიწყო, სამხრეთ კავკასია განიხილებოდა, როგორც „ევროპული სამეზობლოს“ საზღვარი ან პირობითი საზღვარი, დღეს კი ვერცერთ პროექტს ვერ ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა და სრულად ვერ განხორციელდება მისი პოტენციალი, თუ ის არ იქნება დაკავშირებული ცენტრალურ აზიასთან, შემდეგ კი შორეულ აღმოსავლეთთან.

ყველა კომუნიკაციის ხელახლა გახსნის პროგრამები დიდი ხანია სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როდესაც 2023 წლის ოქტომბერში სომხეთი გამოვიდა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივით, ამ უკანასკნელის მთავარი იდეა იყო სამხრეთ კავკასიისა და ევრაზიის უზარმაზარი რეგიონების დაკავშირება საავტომობილო გზებითა და რკინიგზით, ენერგეტიკული კომუნიკაციებით – გაზსადენებით, კაბელებით, ელექტროგადამცემი ხაზებით. პროექტის პირობების თანახმად, ხორციელდება უმოკლესი მარშრუტი შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის, ირანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით (ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება), ასევე უმოკლესი მარშრუტი კასპიისა და მარმარილოს ზღვებს შორის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიების გავლით (აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება). პროექტის პრეზენტაციასთან ერთად, ექსპერტებს შორის დაიწყო დისკუსია ამ უკანასკნელის ძირითად ეკონომიკურ კომპონენტებზე: მომგებიანობა და ეფექტურობა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ზუსტი, ან თუნდაც მიახლოებითი გამოთვლების გაკეთება საკმაოდ პრობლემურია, რადგან საუბარია სატრანსპორტო საშუალებებზე, ტვირთებზე, მგზავრებზე, მილსადენებზე, საკაბელო მარშრუტებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე და მათ პარალელურად მშენებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელთა მოცულობებიც ჯერ კიდევ შესაფასებელია.

თუმცა, ერთი რამ ცხადია: არხების გახსნა ეკონომიკურ თავისუფლებამდე მიგვიყვანს, რაც თავის მხრივ ღია საბაზრო ურთიერთობებს, პირდაპირ ინვესტიციებს და ა.შ. როგორც მეცნიერ-ეკონომისტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო დაკავებული მეცნიერების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტებით, აღვნიშნავდი, რომ სომხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, რომლის განუყოფელი ნაწილიც TRIPP-ის ინიციატივაა, განვიხილავდი ორი დიდი ეკონომისტის, კლასიკური და თანამედროვე, ფუნდამენტური ნაშრომის შუქზე: ადამ სმიტის „ერების სიმდიდრე“ და მილტონ ფრიდმანის „კაპიტალიზმი და თავისუფლება“, რომლებიც ნათლად ხაზს უსვამენ, რომ „მხოლოდ თავისუფლება აძლევს მეწარმეს მოგების მიღების შესაძლებლობას, ხოლო საზოგადოებას – საკუთარი ინტერესების უფრო ეფექტურად წინ წაწევის შესაძლებლობას“.

კიდევ ერთხელ, როგორც ეკონომისტმა, უნდა აღვნიშნო, რომ არცერთი კომენტარი არ გადმოსცემს ეკონომიკური აღდგენის საკმარისად ნათელ სურათს, როგორც მიუკერძოებელი წყაროების მიერ წარმოდგენილი ინდიკატორები. ამიტომ, მინდა რამდენიმე ციფრს მივმართო:

 2025 წელს სომხეთის ეკონომიკამ განაგრძო სტაბილური ზრდის ტენდენცია და დააფიქსირა 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2026 წლის იანვარ-მარტში ეკონომიკური აქტივობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ით გაიზარდა. 2026 წელს, 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 90%-ით, ჩინეთში – 2.3-ჯერ, ხოლო აშშ-ში – 13%-ით გაიზარდა. Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, სომხეთი მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა (2025 წლის მონაცემებით, ჩვენ 57-ე ადგილზე ვიყავით, 5 პოზიციით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია 65.4 ქულით). 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, სომხეთში მთლიანი ინვესტიციები 88%-ით გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები – 4.6-ჯერ, 131.6 მილიონი დოლარიდან 605.1 მილიონ დოლარამდე. 2026 წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა.

 სომხეთში ყველა მიმართულებით ზრდა დაფიქსირდა:

მშენებლობა: 20.5%;

მრეწველობა: 17.2%;

საგარეო ვაჭრობა: 9.3%;

მომსახურება: 7.2%;

 ვაჭრობა: 3.3%.  ჩემი გამოსვლის შეჯამებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება, „TRIPP მარშრუტის“ პროექტი, სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და ირანთან, ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შესაძლებლობას ქმნის  სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონად და ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტების ერთ-ერთ სატრანზიტო დერეფნად აქციოს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი ენერგიულად იბრძოლებს ამ ისტორიული შესაძლებლობის რეალიზებისთვის“.

ნახეთ მეტი
Back to top button