ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფმა ზოგიერთმა რუსულმა ორგანიზაციამ სომხეთშიც სცადა მთავრობის დამხობა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებდა რამდენიმე რუსულ ორგანიზაციას და დაახლოებით ხუთ ათეულ რუსს. ოფიციალური ლონდონი მათ ადანაშაულებს „უკრაინაში დემოკრატიის შელახვაში, ასევე სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში“.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციების სამიზნე ერთ-ერთი ორგანიზაცია, მოსკოვში დაფუძნებული სოციალური დაგეგმვის სააგენტო, „გეგმავდა კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთში პრორუსული ორგანიზაციების შექმნას და მთავრობის დამხობას პრორუსული ფიგურების სასარგებლოდ“, იუწყება „აზატუტიუნი“.
ლონდონის სანქციების ქვეშ მყოფი კიდევ ერთი რუსული ორგანიზაცია, ორგანიზაცია ANO Dialog, ბრიტანეთის მთავრობის თქმით, „სომხეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გეგმებს რუსულ დაზვერვასთან კოორდინაციას უწევდა“.
ლონდონში რუსეთის საელჩო უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას და მას „აბსურდი“ უწოდა.
„ლონდონის ნეოკოლონიური პოლიტიკა, რომელმაც უკვე გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება კიევში, ახლა სომხეთის წინააღმდეგაა მიმართული. დასავლეთმა თავად უნდა შეწყვიტოს სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოლდოვასა და რუმინეთში მოხდა. ქურდი პირველი ყვირის: „დაიჭირეთ ქურდი“, – განაცხადა რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში.







